დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებელი უმჯობესდება
მისი თქმით, ახლა დადებითობის მაჩვენებელი 8,5%-ია, როცა ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში ეს რიცხვი, დაახლოებით 25%-30% იყო.
„ზოგადად, ქვეყანაში, ყველა ეს მაჩვენებელი დინამიურად უმჯობესდება ბოლო თვის განმავლობაში. დადებითობის მაჩვენებელი, იანვრის განმავლობაში, გვაქვს 8.5 %, როდესაც ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ეს რიცხვი, დაახლოებით, იყო 25-30 და იყო დღეები, როდესაც 35 პროცენტზეც ავედით. ასევე, ბოლო 14 დღის განმავლობაში, დადებითობის პროცენტი არის 6,6, ბოლო 7 დღის განმავლობაში - 5,5 და დღეს გახლავთ 4.1 %. ეს გახლავთ მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ არის რეგიონები, მაგალითად აჭარა, სადაც დღეს, დადებითობის მაჩვენებელი ჩვენ გვაქვს 1%.
ზოგადად, აჭარაში, ბოლო 7 დღის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 3 %-ზეა.
აქედან გამომდინარე, ე.წ. ასიმეტრიული შემსუბუქების პოლიტიკა დაიწყო და 1-ლი თებერვლიდან გამოცხადებულია და უკვე იცით, თუ რა მსუბუქდება, რა მასშტაბით და განსაკუთრებით, უფრო მეტი, მთლიან საქართველოსთან მიმართებაში, ხდება ეს აჭარაში, სწორედ ამ ინდიკატორების მიხედვით და მასზე დაყრდნობით, რომელიც მე ჩამოგითვალეთ. სასურველია, რომ ეს მონაცემები მყარად შევინარჩუნოთ ბოლო 14 დღის განმავლობაში და ვმსჯელობთ 7 და 14 დღეზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე ამბობს, რომ შეზღუდვების შემდგომი შემსუბუქების საკითხი სწორედ მრავალი ინდიკატორის ერთობლივად გაანალიზების შედეგად მიიღება.
1-ლი თებერვლიდან მოლები და მაღაზიები გაიხსნება, 15 თებერვლიდან იგეგმება ბაზრობების გახსნა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა მთვრობამ 1-ლ მარტამდე გადადო, ისევე, როგორც სასწავლო პროცესის კლასებში გაგრძელების საკითხი. მთავრობის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სკოლებს გახსნიას მას შემდეგ, რაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება.